თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ანრი კვარაცხელიას პროკურატურა მოლოტოვის კოქტეილის სროლით გდდ-ის თანამშრომლებისთვის საფრთხის შექმნას ედავებოდა, რაც უწყების პოზიციით, პოლიციელზე თავდასხმას წარმოადგენს.
კვარაცხელიას საქმეში ფიზიკურად დაზიანებული პოლიციელი არ არსებობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. ანრი კვარაცხელიას თქმით, მისი საქმე შეკერილია და ვერ გაიგო, რას ედავებიან.
„დიდი მადლობა, რომ ასე შეწუხდით და ჩემს საქმეებზე დადიხართ. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა წლებს მომისჯით, ბატონო მოსამართლე, იქიდან გამომდინარე, რომ მე ძაან ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი.
ჩემი საქმე არის შეკერილი, მე ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მედავებიან და რის გამო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ჩემ გვერდით დგახართ. დედიკოს მიმიხედეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ემიგრანტი მყავს. როცა ჩამოვა, დიდი სიყვარულით მომიკითხეთ. კარგად იყავით, მალე შევხვდებით ერთმანეთს. ერთი დიდი ოჯახი ვართ“, – თქვა კვარაცხელიამ განაჩენის გამოცხადებამდე.
ანრი კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.