ადმინისტრაციული წესით დაკავებული დავით გედენიძე მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად არ ცნო და მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.
გედენიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია.
სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ დავით გედენიძემ განაცხადა, რომ ის მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა.
„არ ველოდებოდი, რა თქმა უნდა, უბრალოდ მოწმეების დაკითხვა იმდენად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს და იმდენად უაზრო ასე ვთქვათ, ილაპარაკეს, რომ მოსამართლემ მიიღო მართლაც, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან არაფერი მსგავსი მე არ გამიკეთებია, რასაც მოწმეები იძახდნენ.
ამიტომ, რავიცი, კმაყოფილი ვარ ძალიან. არ ველოდი, მაგრამ, როგორც მე გამასამართლეს, ისე უნდა იყვნენ სხვებიც, რადგან, როგორც არის ჩემი ძმა [გუშინწინ დააკავეს], მასაც რაღაცებს აბრალებდნენ, მაგრამ მოვა დრო და გამოვლენ. და ეს მოსამსართლეები, როგორც დღეს, სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ ამის მერე”, – განაცხადა გედენიძემ „ტვ პირველთან” კომენტარში.
დავით გედენიძე 4 დეკემბერს მარი ბროსეს ქუჩაზე დააკავეს. მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პარტიების ოფისებსა და აქტივისტების სახლში ჩხრეკის მიზნით შევიდნენ.
გედენიძესთან ერთად დააკავეს კიდევ 4 პირი – ვახტანგ გაგნიძე, ირაკლი არდია, საბა ბირკაია და მიშიკო ჯანიკაშვლი.
3 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ერთს – 3000-ლარიანი ჯარიმა.
კერძოდ:
- ირაკლი არდია – 7-დღიანი პატიმრობა;
- ვახო გაგნოძე – 14-დღიანი პატიმრობა;
- საბა ბირკაია – 7-დღიანი პატიმრობა;
- მიშიკო ჯანიკაშვილი – 3000-ლარიანი ჯარიმა;
ხოლო დავით გედენიძის სასამართლო პროცესი მოსამართლემ გადადო. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.