მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი ახობაძის პატიმრობა ძალაში დატოვა

პუბლიკა

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული გიორგი ახობაძის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – ძალაში დატოვა.

პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობის დაყენებისას აღნიშნა, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე. მან არგუმენტად მოიყვანა ისიც, რომ ახობაძეს საზღვარი გადაუკვეთავს – ფიქსირდება ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლა, მათ შორის დროის მოკლე მონაკვეთებში.

„გასვლები და მალევე უკან დაბრუნებები რაც მაქვს, უმეტეს შემთხვევაში სიკვდილის პირად მყოფი პაციენტებს ვახლდი – ჩემი რეანიმაციის აღჭურვილობით ჩავდიოდი, ჩამყავდა – მათ შორის გულის გადასანერგად მინსკში, მოსკოვშიც მყავდა წაყვანილი, თურქეთშიც – 2700 კილომეტრი ვიარეთ 1 წლის და 8 თვის ბავშვით. ამას ჩემი სამსახურები დაადასტურებენ. მე კისერი მაქვს მოტეხილი 2019-ში და შეზღუდული მაქვს გადაადგილება. რომც გამიშვან, გაიქეციო, ძალიან გამიჭირდება”., – თქვა გიორგი ახობაძემ.

მანამდე კი გიორგი ახობაძემ პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს ჰკითხა, რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე „მის ჯიბეში აკრძალული ნივთიერების მოთავსების შესახებ“.

პროფესიით ექიმი გიორგი ახობაძე 8 დეკემბრის ღამეს დააკავეს, როცა საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მას ბრალად „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა“ წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახობაძე 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

თავად გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს”. 10 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მან თქვა, რომ „დაკავების დროს რამდენიმე ადამიანმა გაკოჭა, იგრძნო, რომ ჯიბეზე ეხებოდნენ, ცდილობდა ხელის აცილებას, თუმცა მისი ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, რამდენიმე ადამიანს შეწინააღმდეგებოდა“.

დღევანდელ სხდომაზე მან პროკურორს უთხრა, რომ გამოძიებისა და დაკავების ადგილას არსებული კამერების ჩანაწერების ამოღებით მიიღებდა შემდეგ ინფორმაციას:

„112-ის კამერები პირდაპირ მოახდენდა იმ კონკრეტული მანქანის იდენტიფიცირებას, რომელიც იყო ჩემი დაკავებისას, ასევე, დაადგენდა პოლიციელების რაოდენობას. შევძლებდით იმ კონკრეტული პოლიციელების იდენტიფიცირებას, რომლებიც გამქრალი არიან და არ ჩანან, მათ შორის 2 მაღალჩინოსანი, რომელთაგან ერთ-ერთმა მგონია, რომ თავად ჩამიდო ნარკოტიკი.

მას შემდეგ, რაც დავადგენდით, რომელი საპატრულო ეკიპაჟი იყო ჩემთან მოსული, საპატრულო ეკიპაჟის ოფიცერს ჩემი პირადობის მოწმობაზე ჰქონდა მოკიდებული ხელი, სადაც დატოვა როგორც თავისი თითის ანაბეჭდი, ასევე თავისი დნმ-ის კვალი.

იმ დნმ-ის კვალის არსებობით ჩემი პირადობის მოწმობაზე და დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში პატრულის იმ ეკიპაჟის იქ არსებობით იმას დაამტკიცებდით, რომ ამ პოლიციელებს არათუ მატრიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი არ ჰქონდათ, არამედ იქ ჰქონდათ სამხრე კამერაც და ნეიტრალური მოწმის საშუალებაც ჰქონდათ.

მე თუ მექნებოდა საშუალება, დამეიდენტიფიცირებინა პირები, რომლებსაც პოტენციურად ეს ნივთები ეჭირათ ხელში, თითს დავადებდი მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე, კონკრეტულად ვის ხელში იყო ეს ნივთები, რომლებიც ჩემს ჯიბეში მოათავსეს“, – თქვა გიორგი ახობაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტული ადამიანი დამნაშავეა, ბრალდების მხარეს ეკისრება და არა თავად ბრალდებულის.

„მე საერთოდ ხმა რომ არ ამომეღო, თქვენ უნდა დაგემტკიცებინათ, რომ იმ მომენტში იქ არანაირი სხვა მანქანა არ იმყოფებოდა და მე ვიტყუები.

ამ ამბავში არსებობს ერთადერთი სიმართლე და ამ ერთ სიმართლეს ვამბობ მე. თუ მე ვიტყუები ან ცრუ ჩვენებას ვიძლევი ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ბრალის წაყენება შეგეძლოთ, მაგრამ ეს უბრალოდ არ შეგიძლიათ“, – თქვა გიორგი ახობაძემ დღევანდელ პროცესზე.