საქალაქო სასამართლოში ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისა და დაზარალებული თამთა თოდაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე გამომძიებელი ვიქტორ მახარაძე დაიკითხა. მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა მოწმეს სამოქალაქო წესით დაადებინა ფიცი. ამის შემდეგ კი განმარტება გააკეთა, რომ „ვინც მას იცნობს, იცის, რატომ სთავაზობს მოწმეებს მხოლოდ სამოქალაქო ფიცს”.
„მხარეთა საყურადღებოდ, არ გაგიკვირდეთ, რომ მე ფიცის მხოლოდ ერთ ტექსტს გთავაზობთ. მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით უნდა შევთავაზოთ ასევე უფლის დაფიცება, მაგრამ ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ყველამ იცის, რომ ეს ძალიან დიდი ცოდვაა. ამიტომ მე ამ ცოდვაში არასოდეს ვაგდებ მოწმეებს და ვთავაზობ სამოქალაქო ფიცს. მგონი საწინააღმდეგო არავის არაფერი გაქვთ“, – განაცხადა მოსამართლემ.
თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თამთა თოდაძე ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო და მას შემდეგ, რაც ჯიშკარიანს უთხრა, რომ მობილურით გადაიღებდა ყველაფერს, დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. თამთა თოდაძის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს.
პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილი).
ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 11 ოქტომბერს შეეფარდა.