მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საბა სხვიტარიძის პატიმრობა ძალაში დატოვა

პუბლიკა

საპროტესტო აქციების ფარგლებში დაპატიმრებული საბა სხვიტარიძის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ ძალაში დატოვა.

საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საბა სხვიტარიძემ არაერთხელ თქვა, რომ ის გაიტაცეს და აწამეს.

მათ შორის, ეს გაიმეორა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

საბა სხვიტარიძემ თქვა:

„მე დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვეხსა ტიტუშკა. ეს არ იყო პოლიციელი, ეს იყო ტიტუშკა, რომელსაც არანაირი ამომცნობი ნიშანი არ ჰქონდა. ეცვა ჩვეულებრივად, კაპიშონი ეხურა, პირბადე ეკეთა. იძალადა ქალზე, გვაგინებდა და ჩვენ მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა. მე მოვიგერიე ის. ამის გამო მე გამიტაცეს, მაწამეს განყოფილებაში ორჯერ, რის შემდეგაც, ეს არ იკმარეს და მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გამამწესეს და დამაბრალეს პოლიციელზე ძალადობა, რაც არის სრული აბსურდი.

თუ ვინმეა ამ საქმეში დამნაშავე, არის ის ტიტუშკა, მირიან ქავთარაძე და მოძალადე პოლიციელები, რომლებმაც ჩემზე იძალადეს და ამ საქმეში მე დაზარალებულადაც მცნეს. ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არ არის დაზარალებული.

ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თქვენთან ერთად მდგომი ქალისთვის სახეში რომ ჩაერტყათ და საფრთხე შექმნოდა თქვენს მეუღლეს და თქვენ. თავს დაურიდით და არაფერს არ მოიმოქმედებდით? გაატარებდით ქალზე ძალადობას და ცემას? ეს არის თქვენი სამართალი, სამწუხაროდ“. – თქვა საბა სხვიტარიძემ.

მან ასევე გააკეთა განცხადება მისი და აქციების ფარგლებში სხვა დაპატიმრებულების შესახებ:

„მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს. 

სასამართლოს ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს და ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს უქმნით საფრთხეს. ძირს უთხრით ევროპულ მომავალს და მიგვაქანებთ რუსეთში, ირანსა და ჩინეთში. როგორ შეიძლება, ასობით, შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და სისხლის სამართლის 53 საქმეზე ყოველთვის პროკურატურა იყოს მართალი, ერთხელ მაინც არ შეცდეს და ერთი მოქალაქე მაინც არ გამართლდეს. რანაირი პრაქტიკაა ეს. ღმერთზე მართლები როგორ არიან ეს პროკურორები. ეს არის დიქტატურა, ეს არის უსამართლობა.

მე არ ვიცი, რას გიხდიან ან რით გაშინებენ ამ ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისა და უკანონობის დაკანონებისთვის. თუმცა, მოვა დრო და ხალხის წინაშე გადაიხდით ვალს. მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თქვენი ყოველი ქმედების გამო. იფიქრეთ მომავალზე, იმ მომავალზე, რომელსაც თქვენ თქვენი გადაწყვეტილებებით ახალგაზრდებს ართმევთ.

დღეს შეიძლება მე დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ. ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს, ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე. მოვა დრო და როცა გამოუყენებლები იქნებით, რეჟიმი თქვენც მოგიშორებთ. 

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, 

თავისუფლება მზიას”.