მოსამართლე, რომელიც დღეს იუსტიციის საბჭოში აირჩიეს, TI -ის მონაცემებით, ქონებას მალავს

პუბლიკა

მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან მიქაბერიძე აირჩიეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მოსამართლე ლევან ნადარაიამ საბჭო დატოვა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა.

მოსამართლე მიქაბერიძეს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კლანის წევრად მოიხსენიებს და ამბობს, რომ 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მეუღლის უძრავ ქონებებს მალავს.

„კერძოდ, მის მეუღლეს, ზეინაბ ჭელიძეს ეკუთვნის შემდეგი 2 დაუდეკლარირებელი ქონება:

984 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში.

520 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში.

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ლევან მიქაბერიძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში” – ვკითხულობთ კვლევაში.