მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული ნიკა კაციას პატიმრობა ძალაში დატოვა.
ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. ბრალი მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს. ნიკა კაციას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ბრალდებული წარდგენილ ბრალს უარყოფს, ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს და თავისი დაკავების საქმის გამოძიებას მოითხოვს.
ეს მოთხოვნა მან დღევანდელ სასამართლო პროცესზეც გაიმეორა.
ნიკა კაცია ამბობს, რომ არის რამდენიმე გარემოება, რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს:
„ის, რომ მე სახლთან დამაკავეს და არა იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია საქმის მასალებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა და სწორედ იმ ერთადერთი მტკიცებულების განადგურების მცდელობაა საქმის დანარჩენ სხვა მასალებთან ერთად. […]
ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლის იქ ყოფნა, იმიტომ, რომ ჩემი ტელეფონიდან ამოღებული რუკით დგინდება, სად დამაკავეს. […]
რატომ არის გამოძიება მნიშვნელოვანი და რატომ ცდილობს პროკურატურა, რომ ეს გამოძიება არ ჩაატაროს – იმიტომ, რომ რომ გამოიძიოს – გოგი გვახარიას გადაცემაში იყო ერთ-ერთი აქტივისტის სიუჟეტი, საიდანაც მე გავიგე, რომელ საქმეზე ვიყავი პროკურატურაში, მანამდე არ ვიცოდი, არც არავინ არ მეუბნებოდა – გამოჩნდება, რომ 3 პოლიციელი კი არ არის, როგორც პატაკშია მითითებული, არა – 15 არ იყო, მაგრამ 10-ზე მეტი იყო. […]
რატომ არის გამოძიება მნიშვნელოვანი და რატომ ცდილობს პროკურატურა, რომ ეს გამოძიება არ ჩაატაროს – იმიტომ, რომ, რომ გამოიძიოს, გამოჩნდება, რომ 3 პოლიციელი კი არ არის, როგორც პატაკშია მითითებული, არა – 15 პოლიციელი არ იყო, მაგრამ 10-ზე მეტი იყო.
მე მაქვს უფლება, მქონდეს საქმეში ის გარემოებები, საქმის მასალებში იყოს დართული დოკუმენტები, რომლითაც შეიძლება, გადაამოწმოთ ჩემი სიმართლეც“, – თქვა ნიკა კაციამ.
მისი თქმით, ტაქსის მძღოლმა ჩვენებაში მისი დაკავება ზუსტად ისე აღწერა, როგორც თავად ჰყვება.
ნიკა კაციამ ასევე თქვა, რომ „პროკურატურა ცდილობს, კონკრეტული ადამიანები საქმიდან გაწიოს“.
„როცა ვამბობ, რომ თეთრი ძაფით არის შეკერილი შავი ტყუილი, იცით, რას ვგულისხმობ?
ის ადამიანი, ვინც იქ დამხვდა კაბინეტში და მელაპარაკებოდა, ის არის, ვინც 3 დეკემბერს გადამიღო ვიდეო, რომლის საფუძვლადაც შემდეგ შეთითხნეს, რომ ამას ტატუები აქვს და მოდი, ჩავუდებ ნარკოტიკს“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ თუ ის ნამდვილად ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს და არა საპროტესტო აქციების გამო, რატომ დაუსვეს კითხვები აქციებთან დაკავშირებით?
„რატომ გაქრა მაინცდამაინც აირწინაღი, რომელიც სხვათა შორის, გაფუჭებული იყო, იმიტომ, რომ გასული წლის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებშიც აქტიურად ვიყავი ჩართული.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნახეს, რომ – 10-ზე მეტი იყვნენ, ვიდეოს კი არა, ფილმს გადაიღებდნენ, ამ ადამიანებს, რომ არ ჰქონოდათ განზრახვა, რომ რეალურად რაღაც უნდა დაებრალებინათ ჩემთვის.
ბალაკლავა მომპარეს, სათვალეც. ესეც ნანახი აქვს ტაქსის მძღოლს“, – თქვა ნიკა კაციამ დღევანდელ პროცესზე.
როცა კაცია სიტყვას ამბობდა, რამდენჯერმე იკამათა მოსამართლესთანაც – თამარ მჭედლიშვილი მას კორექტულობისკენ მოუწოდებდა. ბრალდებულმა პასუხად უთხრა, რომ „არასდროს ყოფილა უზრდელი“ და „თუ ვინმე უზრდელობაზე ლაპარაკობს, პასუხი იმ სიტყვებზე უნდა მოეთხოვა, რომელსაც მას პოლიციელები ეუბნებოდნენ“.
კაციამ ახსენა მჭედლიშვილის სანქცირებაც ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ.
„თავიდან ბოლომდე უკანონობის მსხვერპლი ვარ. ეს ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი და მე ამას ვუყურებ, მათ შორის, თქვენს პროცესებს. ყველა, ვინც მე მასამართლებს, ხელს უწყობს იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, სანქცირებულები და კიდევ მე მაძლევთ შენიშვნას? […] მოსამართლეებს უსაფუძვლოდ არავინ არ ასანქცირებს”.
მის ამ განცხადებას მოსამართლეც გამოეხმაურა:
„რაც შეეხება სანქციას, მე არ მინდოდა ამაზე [კომენტარი] გამეკეთებინა – ეს საერთოდ არ არის აქ განსახილველი, საერთოდ არ ვარ ვალდებული, რომ რამე განმარტება გავაკეთო, მით უმეტეს, რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური პირის მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში არ საუბრობენ”.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სავიზო სანქცია 3 მარტს დაუწესეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანების სხვა მოსამართლეებთან და პროკურორებთან ერთად.