მოსამართლე ზვიად ცეკვავამ „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია 2500 ლარით დააჯარიმა.
„პუბლიკის“ ჟურნალისტის ცნობით, ცეკვავამ გადაწყვეტილება ისე გამოაცხადა, რომ სხდომაზე საბა შესულიც არ იყო. თუმცა, მოსამართლემ თქვა, რომ მხარეები პროცესზე არ გამოცხადდნენ.
„სამწუხაროდ, 2 მოწმის ცრუ ჩვენებას დაეყრდნო და აბსურდულ საქმეზე გამამტყუნა. 48 საათით ტყუილად დამიჭირეს და ახლა ტყუილად დამაჯარიმეს. გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ შემდეგ ინსტანციებში“, – თქვა საბა სორდიამ.
საბა სორდია 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჟურნალისტის თქმით, მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნა.
პირადობის მიწოდების შემდეგ, პოლიციამ საბას ჩანთის გახსნაც მოსთხოვა, რასაც ის დაემორჩილა, თუმცა შელაპარაკება მოჰყვა პოლიციის მიერ ჩანთის კიდევ ერთი ჯიბის გახსნის მცდელობას. ჟურნალისტმა უთხრა, რომ მზად იყო, თავად გაეხსნა ჩანთა.
ამ შელაპარაკებას საბა სორდიას დაკავება მოჰყვა.
ის 48 საათის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.