მოსამართლეები რესტორნის ტერიტორიას საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე ტოვებენ

პუბლიკა

მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე ტოვებენ – ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ.

მათ აქციის მონაწილეები რესტორნის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან მოშორებით ჩასწიეს და რესტორნის ახლო პერიმეტრი თავად დაიკავეს.

მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა – იქ იმყოფებოდნენ აქციებზე დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრებიც, ისმოდა შეძახილები: „ცეცხლი ჭამეთ, მონები”. ამასთან, მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად, ისროლეს კვერცხები – ეს პროტესტი მათ გამოხატეს ორი მოსამართლის, ივანე ყიფიანისა და მალხაზ ოქროპირაშვილის მიმართ.

აქციაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა – პოლიციამ რამდენიმე მონაწილე ძალადობრივად დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული.