საპარლამენტო ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო – საქართველოსთვის“ პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, წარმოადგენს სასამართლო სისტემაში საჭირო ცვლილებებისა და რეფორმებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს. მათივე რწმენით, ამით „ქართული ოცნება“ არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას.
„მმართველი პარტია გვთავაზობს, ჩავერთოთ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების გასაუბრების პროცესში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის პროცესში ჩართვის და გამჭვირვალობის მნიშვნელობა, თუმცა მიგვაჩნია, რომ პროცესების გამჭვირვალობას მაშინ აქვს რეალური ღირებულება, როდესაც ის უზრუნველყოფს უკეთეს შედეგს და არა მაშინ, როდესაც ხდება გამჭვირვალობის ინსტრუმენტად გადაქცევა არასწორი მიზნის მიღწევის პროცესში.
კანდიდატები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა საქართველოს პარლამენტში, შერჩეული არიან კონკურსის შედეგად, რომლის წესიც არ აკმაყოფილებდა ვენეციის კომისიის კრიტიკულ რეკომენდაციებს. ამის შემდეგ, კონკურსის მიმდინარეობის პროცესში, 19 აპრილის შეთანხმების მიღწევამდე, პარლამენტმა კონკურსის ჩატარების წესი შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ შერჩევის წესი გაუმჯობესდა, კონკურის პროცესში წესის ცვლილება გაკრიტიკებულ იქნა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მაგალითად, ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში პირდაპირ მიუთითა ხელისუფლებას, კონკურსის თავიდან გამოცხადების საჭიროებაზე.
ამასთან, მიმდინარე კონკურსის პროცესში გამოცხადებულ ახალ კონკურსში განაცხადი შეიტანა მხოლოდ ორმა კანდიდატმა, რაც შერჩევის პროცესის მიმართ პროფესიულ წრეებში არსებული უკიდურესად დაბალი ნდობის პირდაპირი მტკიცებულებაა. საყურადღებოა ისიც, რომ კანდიდატების იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩევის პროცესში არ ჩაერთო (წინა მოწვევის) პარლამენტის მიერ არჩეული ერთ-ერთი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, რომელმაც პროცესს უნდობლობა გამოუცხადა.
ამგვარად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა გასაუბრებების პროცესის პარლამენტში გაგრძელება იქნება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა მმართველი პარტიის მხრიდან. ასევე, რაც უნდა ინკლუზიურად და გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესი პარლამენტში, კანდიდატების ასარჩევად სრულიად საკმარისია უმრავლესობის ხმები, ხოლო მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენამდე მოსული კანდიდატების შერჩევას ახდენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ნდობის მკვეთრ დეფიციტს განიცდის. სწორედ ამიტომ, 19 აპრილის შეთანხმებაში საუბარია საბჭოს არსებით რეფორმის აუცილებლობაზე, რასაც ხელისუფლება აჭიანურებს.
აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი წინა კონკურსი, რომელიც 2019 წელს მიმდინარეობდა, სერიოზული დარღვევებით და ხარვეზებით ხასიათდებოდა, რაზეც მიუთითებს არაერთი დასკვნა, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში. განსაკუთრებით პრობლემურად იყო შეფასებული კანდიდატთა შესარჩევად იუსტიციის საბჭოში გამართული პროცესი, შერჩეული კანდიდატების დაბალი კვალიფიკაცია და საკამათო რეპუტაცია, და ხაზგასმული იყო იუსტიციის საბჭოს მიმართ საზოგადოებაში არსებული ნდობის კრიზისი, ასევე, აღინიშნა არაერთი სერიოზული ხარვეზი პარლამენტში გამართულ შერჩევის პროცესში.
კიდევ ერთხელ მივმართავთ მმართველ პარტიას და მოვუწოდებთ:
19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, შეაჩეროს მოსამართლეთა არჩევის პროცესი;
დაუყოვნებლივ მოიწვიოს სასამართლო რეფორმის ჯგუფი, რომელსაც ჩვენი მხრიდან უკვე წარდგენილი აქვს რიგი სარეფორმო წინადადებები და ინკლუზიურ ფორმატში დავიწყოთ რეფორმაზე მუშაობა;
სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაიგეგმოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კონკურსის გამოცხადების და შერჩევის პროცესი და ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე, ავირჩიოთ საბჭოს 5 ახალი წევრი;
შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შემსწავლელი კომისია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლის მიგნებები და დასკვნები დაეხმარება საქართველოს პარლამენტს, სწორად განახორციელოს რეფორმები“, – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.
მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესს ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, სახალხო დამცველი, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები.
რა წერია სასამართლო სისტემის რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტში
ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:
- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;
ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით. -
ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.
-
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.
- რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:
1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.
2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.
3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.
- პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
ვადები:
1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.
2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.
3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.
4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.