იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა არამოსამართლე წევრმა, კახა წიქარიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და სასამართლოსთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, სასამართლო სისტემაში მდგომარეობა მარტივი არ არის. მოსახლეობამაც უკვე იცის, რომ სასამართლო სისტემაში არის ერთი გაბატონებული ჯგუფი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს, ამ ჯგუფის ხელში თითქმის ყველა ბერკეტია თავმოყრილი. თუმცა იქ არიან მოსამართლეები, რომელთა ნაწილი შესაძლოა, ფარულად ან აშკარად უპირისპირდება ამ ჯგუფს, ნაწილი კი თანამშრომლობს ამ ჯგუფთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემაში არის რესურსი, რომელთანაც სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობა შეიძლება.
გამოსავალი არის სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია, მოსამართლეების თავიდან შერჩევა, მაგრამ ეს გამოსავალი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება სისტემის სიღრმისეული შეფასება.
ვფიქრობ, რომ ასევე, არსებობს სხვა გამოსავალი, თუ სასამართლო სისტემა, მოსამართლეთა უმრავლესობა აღიარებს არსებულ პრობლემებს, შეიძლება მოქმედი სასამართლოსგან შედგეს ნამდვილად დამოუკიდებელი ინსტიტუტი.
ვფიქრობ, მოსამართლეებმა, რომლებმაც იციან ყველაფერი და ინახავენ ყველა ინფორმაციას, ეს რაღაც ფორმით უნდა თქვან. არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ მთელი სასამართლო სისტემა კლანის ცალსახად მორჩილი იყოს“, – განაცხადა მან მედიაცენტრ „მთავარში“.
კახა წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ სისტემაში არსებული პრობლემის გადაჭრის გზაა, კლანმა დატოვოს სისტემა.
„პირველ რიგში, მოსამართლეებმა უნდა აღიარონ, რომ სასამართლოში იყო და არის „კლანი“, რომელიც ასრულებდა წინა ხელისუფლების დავალებებს და ახლა, ასრულებს მოქმედი ხელისუფლების დავალებებს. მეორე – თუ იქნება კეთილი ნება, კლანის წევრები, აქ იგულისხმება წინა ხელისუფლების დროს შექმნილი ყოფილი პროკურორების ჯგუფი და რომელიც 2007 წლიდან მართავს სისტემას, კლანის ჯგუფი, მთავარი ბირთვი უნდა წავიდეს სისტემიდან.
სასამართლო სისტემა უნდა გაიხსნას გარე აქტორებისთვის, ესაა ადვოკატები, პროფესორები… სისტემაში გარედან უნდა შევიდეს ხალხი. საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არის ქვაკუთხედი… მისაღწევია საერთო შეთანხმება, როგორ უნდა გავაჯანსაღოთ სისტემა და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ. იუსიტიციის საბჭოს ერთ-ერთი ფუნქციაა, ადეკვატურად შეაფასოს რეალობა და წარუდგინოს საზოგადოებას“, – განაცხადა წიქარიშვილმა.
წიქარიშვილის ხედვით, რეორგანიზაცია არ ნიშნავს ყველა მოსამართლის ერთ დღეში გათავისუფლებას. ის ამბობს, რომ ეს გარდამავალი პროცესია, დროის განმავლობაში მოხდება კონკურსების გამოცხადება და მოსამართლეების ჩანაცვლება, ამას კი დასჭირდება სისტემური და პოლიტიკური მხარდაჭერა. წიქარიშვილი ამბობს, რომ ეს უკიდურესი გზაა, მანამდე სასურველი იქნება, თუ მოსამართლეთა კორპუსი აღიარებს პრობლემას. მეორე გზაა რეორგანიზაცია, მესამე გზა კი – ვეტინგი.
ვეტინგი ევრორეკომენდაციაა, რის მიზანიც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაა. ვეტინგს ეწინააღმდეგებიან მოსამართლეების ნაწილი და ხელისუფლება.
წიქარიშვილმა ისაუბრა, რომ იუსტიციის საბჭო ჩაკეტილია და ის შეეცდება, აკეთოს განცხადებები და საზოგადოების ყურადღება მიაპყროს კანონდარღვევისკენ.
„დავიწყებ იმით, რომ ყველა კანონდარღვევა, რასაცსაბჭო აკეთებს, უნდა მოგროვდეს და ითქვას ხმამაღლა. თქვენ არღვევთ კანონს, რომ არ იძლევით ინფორმაციას, რომ სხდომა არ არის გახსნილი, რომ დღის წესრიგს არ აქვეყნებთ წინასწარ და ა.შ. და ა.შ. – ეს უნდა ითქვას პირდაპირ და ხმამაღლა. ამის შემდეგ მე დავიწყებ მუშაობას მოსამართლეებთან, ადვოკატებთან, არასამთავრობო სექტორთან იმ პრობლემებზე, რაზეც უკვე ვისაუბრე – სისტემის შეფასება და გამოსავლის სწორი გზის პოვნა… ერთიანი სურათი, რა ხდება სასამართლოში, არ გვაქვს. გვაქვს ცალკეული კვლევები, ანგარიშები განცხადებები. ერთიანი სურათი უნდა შეიქმნას“, – განაცხადა მან.
კახა წიქარიშვილს მაგისტრის ხარისხი ვაშინგტონის სამართლის კოლეჯში მიენიჭა. 1999-2001 წლებში იგი მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა უზენაეს სასამართლოში, მომდევნო წლების განმავლობაში კი – სხვადასხვა ორგანიზაციასა და საერთაშორისო პროექტში. 2016 წელს კახა წიქარიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე გახდა, თანამდებობა კი ნინო გვენეტაძესთან ერთად დატოვა.
წიქარიშვილი ხშირად ესწრებოდა პარლამენტში მოსამართლეებთან გასაუბრებებს და აქტიურად საუბრობს სისტემაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
პრეზიდენტთან შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ წიქარიშვილის კანდიდატურას სახალხო დამცველის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან ერთად გაუწია რეკომენდაცია. 15 ივლისს პრეზიდენტმა საბჭოში წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულება გამოსცა.
კანდიდატებთან კომისიის გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.