მოსამართლეებისგან მივიღე ინფორმაცია გარკვეულ ზეწოლაზე - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის შეხვდა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს და მათგან მოისმინა ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს მხრიდან სავარაუდო ზეწოლაზე.

„ეს იყო დახურული შეხვედრა. ჩვენი საუბრის შინაარსს ვერ გაგიზიარებთ. მოვისმინე ბევრი ინფორმაცია, მათ შორის, შემაშფოთებელი, მე ვიტყოდი. იყო გარკვეული ზეწოლების, ჩარევების შესახებ, რაც არის მიუღებელი. ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა, ახალი იდეები, რომელიც არის საბჭოში და ამაზე გვქონდა საუბარი.

მე გიდასტურებთ, რომ მივიღე ინფორმაციები, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან [გვრიტიშვილი], სხვა მოსამართლეებისგან. მე ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. ალბათ, მოვა დრო და საზოგადოება გაიგებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მოსამართლეებმა პრემიერთან შეხვედრა 6 აპრილს მოითხოვეს.

თავდაპირველად ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირველ პირს სთხოვეს შეხვედრა, რათა მიაწოდონ ფაქტები, რის შემდეგაც რეაგირებას დაელოდებიან.

სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ კი განმარტა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს მიტაცების მცდელობებზე საქმის კურსში უნდა ჩააყენონ.