მოსამართლეებზე ზეწოლის საქმე და თათბირი ივანიშვილთან - გოგაშვილის ახალი წერილი

პუბლიკა

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება, მორიგ წერილს ავრცელებს სოციალურ ქსელში.

ის წერს, რომ ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მართალია და ჰყვება, როგორ ჩაერთო სუსი „რუსთავი 2-ის“ საქმის მოსამართლეზე ზეწოლის პროცესში.

„ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ სუსმა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ. მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ოცნებისთვის სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო მძიმე არტილერია. ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ – სუსი.

ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება – ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.

სუსში გამოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც მას დიდი ხანი იცნობდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება. შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიო ჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს. რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს და თქვას ყველაფფერი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით”, – წერს სოსო გოგაშვილი.

ის წერილში მოუწოდებს შემსრულებელ ოფიცერს, რომელიც ისევ მუშაობს სუსში მაღალ თანამდებობაზე, ამხილოს სისტემა.

„მეგობარო, დაიკავე ამჯერად მართლა სახელმწიფოებრივი პოზიცია, თქვი სიმართლე და ამხილე ბინძური სისტემა. ვიცი, რომ შენ ხარ პატრიოტი და ვიცი, რომ გინდა ემსახურო საქართველოს და არა პუტინის ოცნებას. ამხილე და გადარჩებით”, – წერს სოსო გოგაშვილი.


საქმე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძის განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ. მან ამის შესახებ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ბესარიონ ალავიძე იყოს უზენაესი სასამართლოს იმ 9 მოსამართლეს შორის, რომლებმაც 2017 წელს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანეს და ის ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.