„მოსამართლემ არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, პროცესი არ ჩაეტარებინა" - გრიგორიადისის ადვოკატი

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, რომ მოსამართლემ ყოველგვარი „არგუმენტის გარეშე” გადაწყვიტა პროცესის გადადება.

მან აღნიშნა, რომ ლაზარე გრიგორიადისის ჰქონდა უფლება დისტანციურად ჩართვის და არ არსებობს ჩანაწერი, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული მიზეზი, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა ბრალდებულს ონლაინჩართვის მოთხოვნა დაუკმაყოფილონ.

„თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, რომ პროცესი არ ჩაეტარებინა. კანონი ცალსახად არეგულირებს იმ საკითხს, რომ ბრალდებულს აქვს უფლება, ჩაერთოს დისტანციურად და სასამართლოს შეუძლია დისტანციურად ჩართოს ბრალდებული. არსად არ წერია, რომ აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი მისი ჯანმრთელობის ცნობა ან რაიმე გარკვეული მიზეზი, მას უფლება აქვს ორივე არგუმენტით და სასამართლომ ეს არ გაიზიარა.

სასამართლომ განმარტა, რომ შემდეგ პროცესზე თუ არ გამოცხადდება, მისი საბოლოო სიტყვის გარეშე გამოვიტან განაჩენსო. თუ სასამართლო ამ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს და მის გარეშე გამოიტანს განაჩენს, დაცვის მხარეს აუცილებლად ექნება რეაგირება. [გავასაჩივრებთ] აუცილებლად ყველგან”, – განაცხადა ადვოკატმა.

დღეს ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო. გრიგორიადისი სხდომას არ ესწრებოდა – როგორც ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა. მან თავისი სურვილით თქვა უარი სასამართლოში მისვლაზე და სურდა, პროცესს დისტანციურად ჩართვოდა, თუმცა მოსამართლე, ზვიად შარაძემ თქვა, რომ დისტანციურად ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავდა და სხდომა გადადო.

დასკვნითი სხდომა 8 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება.

დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მოსამართლის შვებულებაში ყოფნის საბაბით გადაიდო. გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ ლაზარეს საქმის განხილვას სასამართლოში „განზრახ აჭიანურებდნენ”, რათა ის დიდხანს იყოს პატიმრობაში და „დაისაჯოს”.

ოჯახიც, ადვოკატების მსგავსად, გამამტყუნებელ განაჩენს ელის – მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.