მოსამართლემ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძესა და 4 სტუდენტს, გურამ მიქელაძეს, დავით გვიანიძეს, გიორგი დავითაძესა და ანდრო კაკაბაძეს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ დეკემბრის დასაწყისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით. ამის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ, რის გამოც ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამასთან, უწყების განცხადებით, მამუკა ჯორბენაძე და მისი სტუდენტები მოგვიანებით თეა ცაგურიას ქმარს, ირაკლი დევაძეს და მის მეგობარს, ი.ნ-ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.