მოსამართლემ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

პოლიტიკოსი სხდომას არ ესწრებოდა, მას პროცესებში მოანწილეობაზე უარი აქვს ნათქვამი, ასევე უარი თქვა აღკვეთის სახით შეფარდებული გირაოს გადახდაზე და ადვოკატზე. ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა აცხადებს, რომ მან დააზიანა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის შენობაზე გაკრული 3 ბანერი, რამაც 570 ლარის ზიანი გამოიწვია. ხოშტარიამ ბანერზე გააკეთა წარწერა: „რუსული ოცნება“. მოგვიანებით ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სოლიდარობა მეგის“.

კალაძის ბანერზე დატოვებული იმავე შინაარსის წარწერის გამო, 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. მას 12 სექტემბერს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი, თეო ზაქარაშვილი წერს, რომ საზოგადოებრივმა ადვოკატმა სხდომაზე დააყენა თვითაცილების შუამდგომლობა, რადგან ელენე ხოშტარია უარს ამბობს პროცესში მონაწილეობაზე, მათ შორის ადვოკატის მეშვეობით. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მომდევნო სხდომა 17 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.


ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.