მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს - ხაჭაპურიძე

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ცნობით, მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომ 14 დეკემბრის პროცესს ბრალდებული დისტანციურად დაესწროს.

„მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ უნდა დაესწროს, მინიმუმ დისტანციურად, სასამართლო პროცესს, თუმცა, თუ კლინიკა „ვივა მედი“ გასცემს ნებართვას, მაშინ შესაძლებელია, მოიყვანონ კიდეც, თუ არ გასცემს, მაშინ უნდა ჩაერთოს დისტანციურად. დავუკავშირდებით სასამართლოს თანაშემწეს, გავარკვევთ, რამდენად მოგვარდა ეს საკითხი ტექნიკურად. 30 მოწმეა, თუმცა თუ მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო დამძიმება, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მოწმის ჩვენება, უბრალოდ, გამოვაქვეყნოთ და არ მოხდეს მათი დაკითხვა“, – თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობის პირველი განხილვა 9 დეკემბერს შედგა.

ადვოკატების მიმართვის საფუძველი ექსპერტიზის დასკვნა გახდა. დაცვის მხარე ცდილობს დაამტკიცოს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას სასჯელის ქართულ პენიტენციურ სისტემაში მოხდის საშუალებას არ იძლევა.