მოსამართლემ ლაშა ნაკაიძისთვის აღკვეთის სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

პუბლიკა

დღეს ტელეკომპანია „მთავარის“ დილის გადაცემის ყოფილი წამყვანის, პარტნიორის ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ლაშა ნაკაიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ აღკვეთის სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

სასამართლო პროცესი დახურული იყო. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავდნენ. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მომდევნო სხდომიდან დაიწყება.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ დაცვის მხარემ, ბრალდებულის ადვოკატმა, ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა, ლაშა ნაკაიძე არ აღიარებს წარდგენილ არცერთ ბრალს.

პროკურორი გიორგი ნადირაძე ამბობს, რომ საქმეში არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ტელეწამყვანმა წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა. მისი თქმით,  სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

ბრალდებულის დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის შეცვლასთან ერთად ასევე დააყენა შუამდგომლობა გაუპატიურების მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით. თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.


პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანისა და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქალს. ასევე, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მან სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. ამის შემდგომ კი ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული ლაშა ნაკაიძე  16 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.