მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ბრალდებულია მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და პოლიციის მანქანის დაწვის საქმეზე.

დაცვის მხარემ დღეს გამართულ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის – 20 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატების მსგავსად, გრიგორიადისმაც განაცხადა, რომ მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

„მიმალვასთან დაკავშირებით ანალოგიურს ვიტყვი, მიმალვა რომ მნდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში მივიმალებოდი. ტანსაცმელიც კი, რაც დაკავებისას მეცვა, ის მეცვა აქციაზეც”, – განაცხადა გრიგორიადისმა.

ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო სხდომა 8 მაისს ჩაინიშნა.