მოსამართლემ ნიკა მელიას პატიმრობა ძალაში დატოვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა, ამასთან ის სხდომათა დარბაზიდან ისევ გააძევეს, რადგან ნიკა მელიამ მოსამართლეს „ჩინჩალაძის მონა“ უწოდა და მიმართა: „ჩინჩალაძე მომიკითხე“. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ პროცესებზე მელიას აღარც დაასწრებენ.

სასამართლოს აქვს კანონისმიერი ვალდებულება, 2 თვეში ერთხელ იმსჯელოს აღკვეთის გადასინჯვაზე ან საკუთარი ინიციატივით, ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ იმსჯელა აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე და პატიმრობა ძალაში დატოვა.

პროკურატურის პოზიცია იყო, არ შეიცვალოს ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა. პროკურატურის პოზიცია აქამდე არაერთხელ გახდა ცნობილი – თუ ნიკა მელია და დაცვის მხარე თანახმაა, გადაიხადოს გირაო, მაშინ პროკურატურაც თანახმაა, ნიკა მელია გირაოს სანაცვლოდ გამოვიდეს საპატიმროდან.

დაცვის მხარე მოითხოვდა, მელია მოსამართლეს აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა – გაუქმებულიყო მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა და ასევე ცნობილია, რომ ნიკა მელია უარს ამბობს გირაოს გადახდაზე.

სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ რამდენჯერმე ისარგებლა სიტყვის უფლებით.

„მათი აზრით, მე ვარ ტყვეობაში და იქ ევროკავშირის ოფისში რომ მიდიან ჰალსტუხწაჭერილები, ჩემი გამოშვებით ვაჭრობენ, მიუღებელია“, – თქვა მელიამ ხელისუფლების მისამართით.

„კანონის სახელით ძალადობთ. თქვენი ძალადობა კანონის სახელით ვერ აღემატება ჩემს ღირსებებს. ვერ გამტეხთ“, – მიმართა მელიამ სასამართლოს.

ნიკა მელიამ ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა:

„მივმართავ ჩემს მეგობარ ოპოზიციონერ კოლეგებს, ვინაიდან მე ვარ ციხეში გამომწყვდეული, არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა და ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდეთ და ისტორია არ გავაყალბოთ, და მელიას გათავისუფლების ხარჯზე არავინ მაკადროს 20 ივნისის დამნაშავეები ამნისტიის ქვეშ მოვაქციოთ – გთხოვთ, ეს არავინ მაკადროს. ეს კომპრომისი ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ არ იქნება“, – განაცხადა მან.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაკითხვისა და შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის დაკითხვის, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.