მოსამართლემ სააკაშვილთან სამედიცინო მისიის ექიმების შესვლაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალოს ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის ეგიდით შემნილი სამედიცინო მისიის ექიმების დაშვება და ჩართულობა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში.

„მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან იმყოფება კლინიკა „ვივამედში“, მიუხედავად იმისა, რომ გასულია წელიწადზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თვალსაზრისით არ გვაქვს პროგრესი და სააკაშვილთან საერთაშორისო სამედიცინო მისიის დაუშვებლობით, საფრთხე ექმნება მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს მოსამართლეებს ზომების მიღებას, რათა გაიცეს დავალება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელზე.

ამავე შუამდგომლობის დანართად ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს შესაბამისი ლიცენზიები, რომელიც მიენიჭა უცხოელ ექიმებს, მათ აქვთ სრული უფლებამოსილება საქართველოში სამედიცინო საქმიანობისთვის, ამიტომ გთხოვთ, დაავალოთ პენიტენციურ სამსახურს, ვინაიდან რამდენიმე თვეა, საკითხი წყდება ისე, რომ ვერ ვიღებთ პასუხს და აქამდე არ დაუშვეს უცხოელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან, მოვითხოვთ, ახლა უკვე სასამართლომ გაატაროს სათანადო ზომები და მიეცეს საერთაშორისო სამედიცინო მისიას მიხეილ სააკაშვილის მონახულებისა და მკურნალობის პროცესში ჩართვის საშუალება“,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც პროცესზე მოსამართლემ განმარტა, არსებული მოცემულობებისა და გარემოებების გათვალისწინებით, შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდება.

„სამართლებრივად, რომ შევხედოთ ამ შემთხვევაში უნდა გვქონდეს დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან მიმართებით არსებობს ეს პრობლემა, წერილი მაინც უნდა იყოს, რომ ასეთი მიმართვა გაქვთ და ამაზე პასუხი ამდენი ხნის განმავლობაში არ გაცემულა;მარტო ასე ჰაერზე, რომ ამ პირებს ლიცენზია აქვთ, სამართლებრივად, საფუძვლიანი მსჯელობა სასამართლოს მხრიდან არ გამოვა….

ჩვენ რომ შევიდეთ სამართლებრივად ამ მსჯელობაში სასამართლოს პოზიცია ისაა, რომ უფრო მეტი არგუმენტაციაა საჭირო ამ საკითხთან მიმართებით, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ, რაიმე ხელშესახები ხომ არ ხდება, რაც შესაძლოა, სასამართლოს კონტროლს საჭიროებდეს.

ამ მოცემულობით შუამდგომლობის ამ ნაწილზე, ამ გარემოებების გათვალისწინებით, შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდება,“ – განმარტა მოსამართლემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილი საავამდყოფოდან დისტანციურად ჩაერთო.

მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.