მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი გაათავისუფლა, სხდომა გადაიდო

პუბლიკა

ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ჯაფარიძის თქმით, პროცესი გადაიდო იმიტომ, რომ მათ სასწრაფო სამედიცინო გამოკვლევა სჭირდებათ.

„სასწრაფო სამედიცინო სამსახური იყო მოსული და დაადგინეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანას ვექვემდებარებით, რადგან, შესაძლოა, გვქონდეს თავის ტვინის დაზიანებები.

ეს არ არის ჩემი და მოსიაშვილის დაკავების საქმე. ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, პირიქით, იქ დაიწყეს ბავშვების ცემა და კადრებშიც ჩანს, რომ ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ბავშვებს გადავეფარო და მაგ დროს გადამათრიეს უკან. თან მიმათრევდნენ და თან მირტყამდა 5-6 ადამიანი. მას შემდეგ, რაც 9 აპრილის ქუჩაზე შემათრიეს ჭიშკრის შიგნით, გააგრძელეს ჩემი ცემა ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, მათ შორის, თავზე ნაჭდევი რაც მაქვს, ხელკეტისგან მაქვს. ამის შემდეგ, შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ველაპარაკებოდი, რის შემდეგაც უკვე ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყამდნენ. …ყველას ეკეთა ნიღბები. ჩვენ ვიყავით გატაცებული და ნაცემი, ანგარიში გაგვიწსორეს. ვიყავით ჩუმად, რადგან ლაპარაკისას გვცემდნენ. ვიდექით და ველოდებოდით, როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდას“, – განაცხადა მან.

მისი შეფასებით, მოსამართლე ანგაჟირებულია და მას არ უნდოდა პროცესის გადადება და პროცესს ატარებდა იმის მიუხედავად, რომ ნიკა მოსიაშვილს მაღალი წნევა ჰქონდა. მისი თქმით, სასწრაფოს მოსვლის შემდეგ პროცესი უკვე გადაიდო.

ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლო პროცესი მოსამართლემ 10 მარტის 16:00 საათისთვის ჩანიშნა.