მოსამართლეობის კანდიდატთან კონსულტაციის შემდეგ ინჯიამ გენერალურ პროკურორს მიმართა

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ნინო სანდოძესთან გასაუბრების დროს დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება სოციალურ ქსელებში გავრცელებული იმ მოწოდებების საფუძველზე, რომლებიც, მისი თქმით, შეიცავს საბოტაჟს, სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის პარალიზებას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას.

„მივიღე კვალიფიციური კონსულტაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისგან, ქალბატონი ნინო სანდოძისგან და ვთხოვ საქართველოს გენერალურ პროკურორ ბატონ შოთაძეს, თუ არ არის აღძრული საქმე იმ პირების მიმართ, რომლებიც ახორციელებდნენ ასეთ განცხადებას, დაიწყოს გამოძიება. ჩემი ეს განცხადება ჩათვალეთ ოფიციალურად. „ევროპელი სოციალისტების“ აპარატს ვთხოვ, გაფორმდეს, როგორც მოთხოვნა. აღიძრას, თუ აღსაძვრელია სისხლის სამართლის საქმე მოწოდებებზე სოციალურ ქსელში, რომელიც შეიცავს საბოტაჟს, სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის პარალიზებას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მანამდე ფრიდონ ინჯია მოსამართლეობის კანდიდატ ნინო სანდოძეს შეკითხვებს უსვამდა იმის შესახებ, არის თუ არა დანაშაული, როდესაც მოუწოდებენ სასამართლოს შენობის ბლოკირებისკენ ან საავადმყოფოში ექიმის არშეშვებისკენ, რაზეც მოსამართლე ძირითადად პასუხობდა, რომ ფაქტობრივი გარემოებების გარეშე საკითხისთვის კვალიფიკაციის მინიჭება უჭირდა. ამასთან, სანდოძემ განაცხადა, რომ „ძალადობრივი ქმედების მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ნამდვილად დანაშაულია“ და რომ „სისხლის სამართლის წესით დასჯადია მოწოდება ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის შესახებ“.

მანამდე ფრიდონ ინჯიამ შეკითხვები დასვა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, დეპუტატი დაინტერესდა, ილახება თუ არა სხვა პატიმრების მიმართ სამართლიანი მოპყრობის უფლება, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ შეკრებილია რამდენიმე კონსილიუმი და  მასთან პაემნებზეც ბევრი ადამიანი შედის.

მოსამართლის აზრით, სახელმწიფო ინდივიდუალურ საჭიროებებს უნდა მოერგოს და ყველას სათანადო ზედამხედველობა გაუწიოს.

ინჯია დაინტერესდა, რომელიმე სხვა პატიმრისთვის თუ გამოყოფილა ბოლო 30 წელიწადში კონსილიუმი, რაზეც მოსამართლემ თქვა, რომ არ იცის.

ფრიდონ ინჯიას შეკითხვა ჰქონდა სააკაშვილის ბრალდებებზეც. კერძოდ, მას აინტერესებდა, უნდა დაეკისროს თუ არა სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაზე პასუხისმგებლობა და რამდენი წელი შეიძლება დაემატოს მის არსებულ განაჩენს, 6 წელს, რაზეც მოსამართლემ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა მოიხმო, რომელიც სასჯელის შთანთქმას, ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ შეკრებითობას ან სრულად შეკრებითობას გულისხმობს და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მოსამართლის დისკრეციაა.

მოსამართლე ნინო სანდოძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატიდან, რომელთაც პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე დღეა უსმენენ.