ლევან მურუსიძის თქმით, მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, ხოლო მდივნის პოზიციაზე – ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
ლევან მურუსიძის განცხადებით, ისინი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს.
როგორც ლევან მურუსიძე, ისე ვასილ მშვენიერაძე, ლევან თევზაძე და ნიკოლოზ მარსაგიშვილი „მოსამართლეთა კლანის” წევრებად მიიჩნევიან.
ლევან მურუსიძე აშშ-ის მიერ არის სანქციებული.
დღეს, 24 მარტს მოსამართლეთა 32-ე კონფერენცია ჩატარდა. შეკრებილმა მოსამართლეებმა მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოდგენილ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „მათთვის შემაშფოთებელია მოსამართლეთა კეთილსიდისიერების შემოწმება – „ვეტინგი”, ვინაიდან ის ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას”.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, კონფერენციას 295 მოსამართლე დაესწრო.
“დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა კონფერენციაშიც არ მიმიღია მონაწილეობა, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ამდენ მოსამართლეს მიეღო მონაწილეობა. დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო, რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში. რაც შეეხება “ვეტინგის” თემას, მოსამართლეები ერთსულოვნები იყვნენ, რომ ეს არ ემსახურება კეთილსინდისიერების შემოწმებას და რეალურად მიმართულია იქით, რომ მოხდეს სასამართლოს დამორჩილება”. – თქვა ლევან მურუსიძემ კონფერენციის დასრულების შემდეგ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მოსამართლეთა დღევანდელი კონფერენციის ჩატარების მიზნად„კლანის” მიერ საკუთარი ძალაუფლების ჩვენება დაასახელა.
„ვეტინგი” ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს. ის უნდა შეეხოს არა ყველა მოსამართლეს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სასამართლოებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს, დაახლოებით 60 მოსამართლეს.
თუმცა, „ქართული ოცნების” ხელისუფლება და „კლანის მოსამართლეების” მტკიცებით, „ვეტინგი” აბსოლუტურად ყველა მოსამართლეს შეეხება.
„ვეტინგს” კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც „ქართული ოცნების” ხელისუფლება, ისე – სასამართლოების ლიდერები – ის პირები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები „მოსამართლეთა კლანის” წევრებად მოიხსენიებენ.