მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს აირჩევენ | ვინ ტოვებს საბჭოს

პუბლიკა

დღეს, 31 ოქტომბერს, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრს აირჩევენ.

განახლება: მოსამართლეთა კონფერენციაზე ორივე კანდიდატი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, უფლებამოსილების ვადა ჯერ არ ამოწურულა, თუმცა, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, საბჭოს ტოვებენ მოსამართლეები: თამარ ონიანი და თეა ლეონიძე.

მოსამართლეთა კონფერენცია მათ ადგილას კენჭს პაატა სილაგაძესა და გიორგი გოგინაშვილს უყრის.

პრესსამსახურის ცნობით, კენჭისყრის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

იუსტიციის საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადებით, დღევანდელ კონფერენციაზე მან 2020-2021 წლის საქმიანობის ანგარიშიც წარადგინა.

მისი ცნობით, ამ პერიოდში გაიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი და სხვადასხვა სასამართლოში დაინიშნა 46 მოსამართლე.

ვინ არიან საბჭოს წევრობის კანდიდატი მოსამართლეები

მოსამართლე პაატა სილაგაძე 2019 წლის ივნისიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ, უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მანამდე ის უზენაეს სასამართლოში მუშაობდა, ადრეულ წლებში კი იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

მოსამართლე სილაგაძე სასამართლო თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ე.წ. კლანის წევრადაა მიჩნეული. მედიიდან ასევე ცნობილია, რომ მისი ძმა „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია.

ბოლო გახმაურებული საქმე, რომელიც პაატა სილაგაძის სახელთან ასოცირდება, „კარტოგრაფების საქმეა“.

მან დაუშვებლად ცნო ადვოკატების სარჩელი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, რომლითაც საქალაქო სასამართლოს მიერ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ.

2019 წელს პაატა სილაგაძის საპარლამენტო გასაუბრებიდან პლატფორმამ „მინდა, ვენდო სასამართლოს“ არაერთი საინტერესო ეპიზოდი გამოარჩია.

ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ღია საზოგადოების ფონდის“ მომზადებულ ანკეტას მოსამართლე სილაგაძის შესახებ, რომელშიც განხილულია პროფესიულ საქმიანობაში გამოვლენილი გადაცდომები, დაწუნაურებები, კანონთან და ინტერესის კონფლიქტი, მისი საჯარო პოზიციები და ფინანსური ვალდებულებები.

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი 2018 წლის თებერვლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის უვადო მოსამართლეა. მანამდე ის თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა.

გოგინაშვილის სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მან პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 2012 წლის 9 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე გიორგი გოგინაშვილმა ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2013 წლის 9 თებერვალს შს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს, გურამ დონაძეს 25 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

2014 წელს მან შეუფარდა გიგი უგულავას პატიმრობა, რასაც სასამართლოში არეულობა და ადამიანების დაკავებაც მოჰყვა.

2018 წელს მოსამართლეთა, მათ შორის, გოგინაშვილის უვადოდ დანიშვნის განხილვაზე საბჭოს მაშინდელი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პროცესისგან ააცილეს. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები წერდნენ, რომ ეს აჩვენებს განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობის პრობლემას სასამართლო სისტემაში.

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ 29 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება და მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნა არსებულ ვითარებაში გაუმართლებლად მიიჩნია.

კოალიცია წერდა, რომ მათთვის უცნობი იყო, რომელი წევრები ტოვებდნენ საბჭოს და ვინ უნდა აერჩიათ საბჭოს ახალ წევრებად.

„იმ ფონზე, როდესაც საბჭოს შემადგენლობა და წევრების შერჩევის პროცედურა გადახედვას საჭიროებს, ასევე არსებობს არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტური პოზიცია, სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისათვის გარანტირებული ხმის ფლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ასეთ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნა ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი სასამართლო სისტემიდან სხვა საკითხებზეა მიმართული, ძალაუფლების განმტკიცების სურვილით ცდილობს ნაჩქარევად, რეფორმების არარსებობის პირობებში მიიღოს ეს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილება.“, – აცხადებს კოალიცია.