მოსამართლეთა ნაწილი ხშირად გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს არღვევდა - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ შეისწავლა მოსამართლეთა საჯარო განცხადებები. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, აღმოჩნდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი ყოფილი თუ მოქმედი  წევრის საჯარო ქმედებები, ხშირ შემთხვევაში არღვევდა ეთიკურობის სტანდარტს.

ორგანიზაციის შეფასებით, ზოგიერთი მოსამართლე სასამართლო სისტემისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების თუ ჯგუფების მისამართით ხშირად იყენებდა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს, ხშირად ისეთ ფორმებშიც კი რაც არ შეესაბამება მოსამართლის სტატუსს.

„ბუნებრივია, რომ მოსამართლის მიერ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დარღვევა არ შეძლება დისციპლინირების საფუძველი გახდეს. არაეთიკური გამოხატვის ყველა შემთხვევის დისციპლინირებამ შესაძლოა სისტემაში განსხვავებული აზრის წარმოქმნა დათრგუნოს. პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი უნდა იყოს მხოლოდ ისეთი გამოხატვა, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით პირდაპირ და არაორაზროვნად არის გათვალისწინებული. მაგალითად, იყო უკიდურესი შემთხვევებიც, როდესაც მოსამართლე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და პოლიტიკურ დებატებში მიიღო მონაწილეობა. ასეთი ქმედება კი ცალსახად წარმოადგენს კანონის დარღვევას, პირდაპირ ვნებს სასამართლოს რეპუტაციას და შესაბამისად დისციპლინურ პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

TI -ის ცნობით, კვლევამ შემდეგი საკითხები გამოკვეთა:

  • მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მათ შორის, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ისეთ განხილვებში, რომელიც სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას ეხება. ამასთან, მოსამართლემ ამ უფლებით სარგებლობისას არ უნდა შელახოს მართლმსაჯულების ინტერესი, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაიცვას სასამართლოს ავტორიტეტი და ინდივიდუალური მოსამართლის რეპუტაცია. ამ ფუნქციის შესრულებისას საბჭოს მოსამართლე წევრებზე ვრცელდება ბანგალორის პრინციპები და საქართველოს მოსამართლეთა ეთიკის წესები. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ნაწილის ქმედებები, ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა მოსამართლის მაღალ სტატუსს და არღვევდა ეთიკურობის სტანდარტს.
  • მოსამართლეს არ ეკრძალება სოციალური მედიით სარგებლობა. თუმცა, სხვა შემთხვევების მსგავსად, მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს იმგვარი მოსაზრებების გაჟღერებისგან, რაც მართლმსაჯულების ინტერესს დააზიანებს. ქართულ რეალობაში, ინდივიდუალური მოსამართლეების გამოხატვის ფორმა, რიგ შემთხვევებში, არ შეესაბამება ეთიკის აღიარებულ სტანდარტებს, რაც საბოლოოდ მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობას აზიანებს.
  • მნიშვნელოვანია, მოსამართლის პოლიტიკური საქმიანობისაგან დისტანცირება. მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს იმგვარი განცხადების ან/და პოლიტიკური ხასიათის ნებისმიერი ქმედებისაგან, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა. ამის საპირისპიროდ, მოსამართლე ლევან მურუსიძემ, წინასაარჩევნო პერიოდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან საჯარო დებატებში მიიღო მონაწილეობა და არ დატოვა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მოსამართლის შთაბეჭდილება. დებატების დროს მურუსიძის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, სრულად ემთხვეოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა იმ განცხადებებს, რომლებიც მაჟორიტარობის კანდიდატის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მისი ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე შემთხვევა იყო.
  • მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის სრული და დაუბალანსებელი ძალაუფლების პირობებში სახიფათო პრეცედენტად უნდა შეფასდეს გავლენიანი მოსამართლეების მიერ კონკრეტული პირების საჯარო პერსონალური კრიტიკა.
  • მოსამართლის მიერ გამოხატვის თავისუფლების ფარგლების ნებისმიერი დარღვევა არ შეიძლება დისციპლინირების საფუძველი გახდეს. არაეთიკური გამოხატვის ყველა შემთხვევის დისციპლინირებას შესაძლოა „მსუსხავი ეფექტი“ ჰქონდეს სისტემაში განსხვავებული აზრის წარმოქმნაზე ან მისი რეალიზებაზე. პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი უნდა იყოს მხოლოდ ისეთი გამოხატვა, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით პირდაპირ და არაორაზროვნად არის გათვალისწინებული.
  • მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ გამოხატვის თავისუფლებით ნებისმიერი სარგებლობა მის დისციპლინირებას გამოიწვევს. ქართული მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეთა მხრიდან კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა არ არის წახალისებული. უფრო მეტიც, წარსულში განსხვავებული აზრის გამო სისტემიდან ეტაპობრივად განიდევნენ „მოსამართლეთა ერთობის“ წევრები. ზოგიერთი მათგანის მიმართ დისციპლინური წარმოებაც კი დაიწყო.
  • სპიკერ-მოსამართლეების საზოგადოებასთან კომუნიკაცია მწირია. არსებული ფორმით აღნიშნული ინსტიტუტი საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის ფუნქციას ვერ ასრულებს.