მოსამართლის განჩინებით, პენიტენციურს დაევალა, მიიღოს ყველა ზომა სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას შუამდგომლობა – დაევალოს პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, რეაგირება იქონიოს სააკაშვილის განცხადებაზე და უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება.

მოსამართლემ განმარტა, რომ თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, მოსამართლე ამ შემთხვევაში ვალდებულია, მიიღოს ასეთი განჩინება და მეორე შემთხვევაში – თუ მოსამართლეს თავად გაუჩნდება ეჭვი, რომ ბრალდებული, შესაძლოა, დაექვემდებაროს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.

მოსამართლე კოჭლამაზაშვილის თქმით, მას ეჭვის საფუძველი არ აქვს, მაგრამ ბრალდებულის განცხადების საფუძველზე ნაწილობრივ აკმაყოფილებს დაცვის მხარის შუამდგომლობას.

სასამართლომ განჩინებით დაევალა პენიტენციური სამსახურის დირექტორს, მისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა აუცილებელი და განსაკუთრებული ზომა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული, არ დაემუქროს საფრთხე არასათანადო და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებით.

„ვინაიდან პატიმარი უჩივის არასათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას, მოსამართლემ რეაგირებისთვის უნდა მიმართოს პენიტენციურის დირექტორს და მიაქცევინოს ყურადღება პატიმრის ჩივილებზე და განჩინების დაავალოს მას, მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცულობას.

აქედან გამომდინარე, აღნიშნულ შუამდგომლობას ვაკმაყოფილებ ნაწილობრივ, ვინაიდან პირადი ექიმის მომსახურება და ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზაც მხოლოდ და მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას და გაუმჯობესებას ეხება, ეს მოიცავს იმას, რასაც ვავალებ. ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მე ვერ დავავლებ. მე ვავალებ პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს აუცილებელი ზომები“, – განაცხადა მოსამართლემ.

ნიკა გვარამიას სურდა, მოსამართლეს აღენიშნა, რომ ის პენიტენციურს სააკაშვილთან პირადი ექიმის შეშვებასაც ავალდებულებდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ მისი განჩინება „ამასაც მოიცავს“.

მოსამართლის პოზიციას გვარამია არ დაეთანხმა, თუმცა ბადრი კოჭალამაზაშვილმა თქვა, რომ ის განჩინებაში კონკრეტული ექიმის გვარს ვერ ჩაწერდა.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა იგივე შუამდგომლობა, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმის განხილვაზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილთანაც დააყენეს, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა.