მოსამართლის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდება ბაჩიაშვილს ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება

პუბლიკა

სახელმწიფო ბრალდება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ოქმის წაკითხვის დროს განაცხადა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილისთვის სამი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

ბრალდება  სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.