„ქართული ოცნების” პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა, შეიძლება გამოყენებულ იყოს, როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.
ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში იგეგმება და მას „ოცნების” პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე, დაჩქარებული წესით, 1-2 ივლისს განიხილავს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 75³-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს დისციპლინური სახდელების სახეებს. ამასთანავე, 1¹ და 1² პუნქტები განსაზღვრავს თუ რომელი სახდელის სახეები შეიძლება იქნას გამოყენებული მხოლოდ ძირითად დისციპლინურ სახდელად და რომელი – როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.
მოქმედი კანონით გათვალისწინებულია შემდეგი დისციპლინური სახდელები:
- შენიშვნა – ძირითადი დისციპლინურ სახდელი;
- საყვედური – ძირითადი დისციპლინურ სახდელი;
- მკაცრი საყვედური – ძირითადი დისციპლინურ სახდელი;
- მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება – ძირითადი დისციპლინურ სახდელი;
- ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში – როგორც ძირითადი, ისე დამატებითი დისციპლინური სახდელი;
- სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება – როგორც ძირითადი, ისე დამატებითი დისციპლინური სახდელი;
- მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა.
კანონში განსაზღვრული არ არის მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა, როგორც სახდელის სახე, გამოყენებული შეიძლება იყოს მხოლოდ ძირითად დისციპლინურ სახდელად, თუ როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.
შესაბამისად, ცვლილების მიხედვით, 75³-ე მუხლს დაემატება პუნქტი და დაზუსტდება, რომ მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა, როგორც სახდელის სახე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.
კანონპროექტის ავტორები არიან „ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და აკაკი ალადაშვილი.