თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
ნიკა მელიას ახალი ბრალდება 2026 წლის 9 თებერვალს წარედგინა. მას მოსამართლის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან.
საქმეში დევს ვიდეო, რომელშიც ისმის ფრაზა „მოსამართლე **ე ხარ“.
მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ ეს ვიდეომასალა, ექსპერტიზის შეფასებით, „უვარგისია და ვერ დადგინდება ფრაზის წარმომთქმელი პირი“.
დღეს, 23 მარტს, სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა თქვა, რომ საქმეში მთავარი მტკიცებულება არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ვერ დგინდება, ეკუთვნის თუ არა ხმა ნიკა მელიას. მისივე თქმით, საქმეში არის სასამართლოს სხდომის მდივნის, მანდატურებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების ჩვენებები.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნიკას მიმართ მერამდენე ბრალია, სათვალავი გვაქვს არეული. ნიკა არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე, 2 დღეში არის ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა, სადაც ნიკა ფიგურირებს, ისევე როგორც მთელი ოპოზიციური სპექტრი. ნიკა მელია ჩვენი გადმოსახედიდან არის ხელისუფლებისთვის მიუღებელი და იგი ყველაზე ხანგრძლივი დროით რჩება საპატიმროში. არ აქვს მნიშვნელობა სამართლებრივ საფუძვლებს, რა მუხლით და რა საქმით, სანამ არსებობს ნება, რომ ნიკა ციხეში იყოს, ის ციხეში იქნება“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
მომდევნო პროცესი 3 აპრილს ჩაინიშნა.
ნიკა მელიას ამ ეტაპზე ორი განაჩენით აქვს თავისუფლება აღკვეთილი – 26 ნოემბერს 1.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე, მანამდე, ივნისში 8 თვე მიესაჯა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე.
გარდა ამისა, მელიას ბრალი ედება ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც. გამოძიება მას „ქუჩაში რადიკალიზაციის პროცესისთვის აქტიურ მოქმედებას, რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცველთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას“ ედავება. გამოძიება მის წინააღმდეგ 318-ე, საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს.