მოსამართლე მადონა მაისურაძე ამბობს, რომ „ვეტინგთან” დაკავშირებული პოზიციის გამო მისი ქმარი საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
კერძოდ, მისი ქმარი, ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სპეციალისტად მუშაობდა. როგორც მადონა მაისურაძე „ნეტგაზეთთან” ამბობს, ჩემიას „ცოლის ქმედებაზე პასუხი მოსთხოვეს და იძულებული გახდა, წასულიყო”.
მადონა მაისურაძე თანახმაა, საჭიროების შემთხვევაში კეთილსინდისერების შემოწმება გაიაროს. ის იმ რამდენიმე მოსამართლეთა შორისაა, ვინც ასეთი პოზიცია გამოხატა.
„ვეტინგი” ევროკომისიის რეკომენდაციაა და მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს. ის 60-მდე მოსამართლეს შეეხება – სასამართლოების და კოლეგიების თავმჯდომარეებს, ასევე, იუსტიციის საბჭოს წევრებს. თუმცა, „ვეტინგს” კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების” ხელისუფლების და ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაქვემდებარებული ორგანოა და საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.
დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მადონა მაისურაძის განცხადებას „უსაფუძვლო” და „სიცრუე” უწოდა.
დეპარტამენტის განცხადებით, გიორგი ჩემია სისტემატურად არ ცხადდებოდა სამსახურში ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან.
„მას, სხვა თანამშრომლების მსგავსად, შევთავაზეთ, სამსახურში დროულად გამოცხადებულიყო და სრული სამუშაო დატვირთვით ემუშავა (კოლეგების თანასწორად), რაზეც მან განაცხადა უარი და თქვა, რომ მისთვის ეს გრაფიკი მიუღებელი იყო და ვერ შეძლებდა ინტენსიურ სიარულს, რის შემდეგაც სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. შესაბამისად, სიცრუეა რომ იგი ვინმემ აიძულა შეეწყვიტა სამსახურებრივი ხელშეკრულება და ეს არის მიზნმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა”. – ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი ჩემია ყოფილი მოსამართლეა. ის პირველ ინსტანციაში სანდრო გირგვლიანის საქმეს განიხილავდა. ჩემია არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდან.
გიორგი ჩემიას მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა 2012 წელს გაუვიდა. მან 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლედ დანიშვნა 2016 წელსაც სცადა. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს.