მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო მელიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო

პუბლიკა

მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე — სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით დაიწყო. ეს მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა მელიამ წყალი მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს შეასხა სასამართლო პროცესზე, რომელზეც მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლა განიხილებოდა.

ნიკა მელიას ბრალად „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ედება. გირაო მას სწორედ ამის საქმეზე შეუფარდეს, თუმცა მელიამ თქვა, რომ არც გირაოს გადაიხდიდა და არც 30 მაისის სასამართლო პროცესს დაესწრებოდა.

29 მაისს, საღამოს, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა ის ერთ-ერთ პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.

მელიამ თქვა, რომ ის „გაიტაცეს“ და ძალის გამოყენებით ჩასვეს ფურგონში, სადაც 11 პირი იყო. ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი, ასევე დაამტვრიეს მისი მანქანის ვიდეოკამერები.

მოსამართლემ მელიას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა შეკითხვა, როგორ აღმოჩნდა სხდომათა დარბაზში, რაზეც ირაკლი შვანგირაძემ უპასუხა, რომ: „საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია თქვენი ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ“. სწორედ ამის შემდეგ შეასხა წყალი მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს.

მელიას ასევე ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზეც.


წულუკიანის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, მანამდე კი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს.

როგორც თავად ამბობს, გირაოს გადახდას არც ნიკა გვარამია აპირებს, რომელსაც ამავე საქმეზე ასევე გირაო აქვს შეფარდებული.

წულუკიანის კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.