„მოსამზადებელი სამუშაოები განახლდება" - ნამოხვანში ახალი მენეჯერი ჩავიდა

პუბლიკა

„მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება”, – სოფელ ნამოხვანში „ენკას” აღმასრულებელი მენეჯერი მერაბ ლომინაძე ჩავიდა. მას ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა დახვდა. სოფელში მობილიზებულია პოლიციაც.

„მე ახლა მივდივარ, რომ დავათვალიერო ყველა ობიექტი და აქვე ვიძახი პირდაპირ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება”, – აღნიშნა მერაბ ლომინაძემ.

„თქვენ თუ საუბარი გინდოდათ, ამ რაოდენობის პოლიციელით და გზის გადაკეტვით აქ არ მოხვიდოდით. ეს არის მუქარის დასაწყისი. რადიკალიზაციის გზით წავიდა ხელისუფლება ჩვენთან მიმართებით და ამ რადიკალიზაციის საჩვენებლად ხდება ახლა ეს”, – უთხრა მას რიონის ხეობის მცველმა მარიტა მუსელიანმა.

„დირექტორი არ არის ადრესატი იმ კითხვებისა, რაც ჩვენ გვაქვს… თუკი ამ საკითხს ვეღარ წყვეტს ნათია თურნავა, რომელიც გაიპარა ქუთაისში იმ შეხვედრიდან, მაშინ უნდა მოსულიყო უკვე მისი ზემდგომი. ეს ლოგიკურია, ანუ ბატონი ირაკლი [ღარიბაშვილი]. ყოველ შემთხვევაში ბატონი მერაბი ნამდვილად არ არის ეს პერსონა…  ხალხს გვაღელვებს მიწის საკითხი, ხელშეკრულების, სადაც დათმობილია სახელმწიფო ინტერესი. ამაზე პასუხი არ აქვს მინისტრს და იპარება შეხვედრიდან”, – აღნიშნა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

„არც მუქარაზე და არც სხვა რამეზე არ არის აქ საუბარი, მე ცალსახად განვაცხადე, რომ კომპანია განაგრძობს მოსამზადებელ სამუშაოებს და ეს ამოცანა არის დასახული კომპანიის შიგნით, იმ ნებართვების საფუძველზე, რომელიც გაცემულია… ძირითადი ობიექტები, როგორიც არის კაშხალი, არ დაიწყება და არ განხორციელდება, სანამ არ მოხდება არსებული კვლევის გადამოწმება”, – აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა მენეჯერმა.