საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დემოკრატიის სამიტზე საქართველომ მოსაწვევი მიიღო პრეზიდენტ ბაიდენისგან. მისი ინფორმაციით, საქართველოს სახელით სამიტში მონაწილეობას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი.
„ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც, ქალბატონ პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. ამას გარდა, 1-2 დეკემბერს, ნატოს მინისტერიალზე მიიწვიეს საქართველო და ჩვენს ქვეყანას იქ წარმოადგენს ბატონი დავით ზალკალიანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ბრიუსელში.
„ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება. ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი თანხმობა და დადასტურება ამის თაობაზე. ეს იქნება მოსამზადებელი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც უკვე 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება და რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
21 ნოემბერს გავრცელდა ამერიკული გამოცემა „პოლიტიკოსთვის“ მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი აშშ-ის მთავრობას, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიას, რომელიც საფრთხის ქვეშაა.
სააკაშვილი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, ღიად დაგმოს დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრა და განიხილოს სანქციები მაგნიტსკის აქტის ქვეშ.
ასევე სააკაშვილი ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართავს, გააუქმოს დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მთავრობის წევრების მიწვევა.