რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა, ანდრეი ნასტასინმა ბალტიის ქვეყნები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის წინააღმდეგ წახალისებაში დაადანაშაულა.
ამასთან, ნასტასინმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თბილისში საპროტესტო აქციაზე მისვლა „ხელისუფლების შეცვლის და რევოლუციის“ მხარდაჭერად შეაფასა.
ნასტასინს ჰკითხეს, თუ რა კომენტარს გააკეთებდა ბალტიისპირეთის დედაქალაქებიდან მომდინარე რუსოფობიურ განცხადებებზე, ასევე მათ მცდელობებზე, სომხეთი ევროინტეგრაციაში ჩართონ.
„რუსული აგრესიის“ თემაზე გაჟღენთილ ინსინუაციებთან და კიევის რეჟიმის მხარდაჭერის აუცილებლობასთან ერთად, ომი „უკანასკნელი უკრაინელისთვის“ აწარმოოს, ბალტიისპირეთის ოფიციალური პირები აქტიურად ავრცელებენ თავის „ექსპერტიზას“ ერევანში „საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გამრავალფეროვნებასა“ და „ევროპული ინტეგრაციის“ გზაზე.
ასეთი მიდგომები მოწმობს ვილნიუსის, რიგისა და ტალინის, რომლებიც მორჩილად ასრულებენ ვაშინგტონის ბრძანებებს, განუწყვეტელ სურვილს, აქტიურად გამოეყენებინათ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთის წინააღმდეგ. ბალტიისპირეთის მიერ შემოთავაზებული „ექსპერტიზის“ ხარისხი და ჭეშმარიტი მიზნები შეგვიძლია განვსაზღვროთ იმ როლით, რომელიც მათ ითამაშეს 2013 წლის მაიდანზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლებში, რამაც გამოიწვია სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა.
ნასტანინმა თბილისში ლანდსბერგისის პროტესტის მონაწილეებთან შეერთება ამერიკელი დიპლომატის, ვიქტორია ნულანდის კიევში ჩასვლის მაგალითს შეადარა.
„რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ტალინი, რიგა და ვილნიუსი უკიდურესად დესტრუქციულ ხაზს იკავებენ. ნატოსა და ევროკავშირის ამ „ძველთაგან“ სწავლების გაკვეთილები ბოლო დროს საქართველოში გაგრძელდა. ამერიკელი ვ. ნულანდის კიევში მოგზაურობის მაგალითზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გ.ლანდსბერგისი პირადად შეუერთდა თბილისში მომიტინგეებს მსვლელობას და ეფექტურად მოუწოდა ხელისუფლების შეცვლისა და რევოლიუციისკენ“, – განაცხადა ნასტანინმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაზე და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტორდის გილფადოტირი საქართველოში 15 მაისი ჩამოვიდნენ და ხელისუფლებას „რუსული კანონის“ გაუქმებისკენ მოუწოდეს. პრესკონფერენციის შემდეგ, ისინი საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ და პროტესტის მონაწილეებს სცენიდან მიმართეს, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების წევრებმა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაში დაადანაშაულეს და მოსკოვის მსგავსად, დაადანაშაულეს ხელისუფლების დამხობის მცდელობაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში“.
პაპუაშვილის განცხადებით, ბალტიის ქვეყნების მინისტრების ქმედებამ „ხელი შეუწყო დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობას“.
„მიმართო აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციური პარტიები მთავრობის წინააღმდეგ მართავენ და უწოდო მათ „მთელი ერი“ ისეთი საქციელია, რომელსაც საბჭოთა ან რუსი პროპაგანდისტებისგან უფრო მოელი, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან. თანაც, ხელი შეუწყო დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობას იმის გამო, რომ მის მიერ მიღებული კანონმდებლობა არ მოგწონს, საბჭოთა სახელმძღვანელოდან გადმოწერილს ჰგავს“, – დაწერა პაპუაშვილმა.
ამასთან, თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას, სადაც მინისტრმა აღნიშნა: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთმანეთის გვესმის, როდესაც ვსაუბრობთ, რას იწვევს ევროკავშირის წევრობა, ფაქტობრივად, შენ თმობ სუვერენიტეტის ნაწილს, ორივე ერთად ვერ გექნება“.
კალაძის თქმით, ქვეყანა სუვერენიტეტის დათმობას არ აპირებს და საქართველო სუვერენიტეტის დათმობის გარეშე გახდება ევროკავშირის წევრი.
„არ ვფიქრობ, რომ სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ, მე ვსაუბრობ იმ განცხადებაზე, რომელიც კონკრეტულმა ყმაწვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომ საქართველომ უნდა დათმოს სუვერენიტეტი, თუ უნდა ევროკავშირის წევრობა. არ ვაპირებთ სუვერენიტეტის დათმობას. რატომ უნდა დავთმო სუვერენიტეტი? სახელმწიფოებრიობით, კულტურით, ტრადიციებით, ამ ყველაფრით მინდა ევროპული გაერთიანება, ევროპული მომავალი. ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომლის დროსაც საქართველო ძლიერი სახელმწიფოთი, ძლიერი ეკონომიკით, სუვერენიტეტით აუცილებლად გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. მე ვსაუბრობ კონკრეტულ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორემ ჩვენ სუვერენიტეტის დათმობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა „პანღურებით გაყრიდა“ ქვეყნიდან მინისტრებს, რომლებიც სხვა ქვეყნის საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა.
„თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან“, – თქვა კახა კალაძემ.