Flightradar-ის მონაცემებით, მოსკოვი-თბილისის რეისი ერთი საათით ადრე ჩამოფრინდება

პუბლიკა

მოსკოვის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი დაგეგმილზე ერთი საათით ადრე ჩამოფრინდება.

„აზიმუტის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:10 წუთზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა Flightradar-ის მონაცემებით, თვითმფრინავი მოსკოვიდან ადრე გამოფრინდა და თბილისში მისი დაშვების სავარაუდო დროდ 12:22 საათია მითითებული.

განახლება: სავარაუდო დაშვების დრო მოგვიანებით კიდევ შეიცვალა და ახლა ვებგვერდზე 13:00 არის მითითებული.

თბილისში რეისს აქციით დახვდებიან. მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და აეროპორტისკენ კოლონებით გაემართებიან. ისინი ადგილზე საპროტესტო ბანერებით, საყვირებით და საქართველოს დროშებით მივლენ.

10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.  სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. მათივე ცნობით, კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.