მოსკოვის მერი ადასტურებს ქალაქზე დრონებით თავდასხმასა და შენობების დაზიანებას

პუბლიკა

მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ადასტურებს, რომ რუსეთის დედაქალაქს დღეს დილას უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. მისი განცხადებით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა მცირედით დაზიანდა.

„შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები თავდასხმის ადგილზე იმყოფებიან და აზუსტებენ თავდასხმის გარემოებებსა და შედეგებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა სერიოზულად“, – განაცხადა სობიანინმა.

მოსკოვის მერის თქმით, თავდასხმის შემდეგ ორი შენობიდან, რომლებსაც დრონები შეეჯახნენ, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ორ მოქალაქეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მაგრამ საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ.

დღეს დილიდან სოციალური მედიის პლატფორმებზე, ასევე რუსულ და უკრაინულ მედიაში მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში რამდენიმე აფეთქება, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა და აფეთქებების შედეგები ჩანს.