მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, გურამ ბერუაშვილს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
პროკურორის განცხადებით, ბერუაშვილმა პირველი რვა წელი ციხეში, ხოლო დარჩენილი დრო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს.
მოსკოვის სასამართლომ გურამ ბერუაშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 5 მუხლით, რომლებიც გულისხმობს შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული პირის მონაწილეობას, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კონტრაბანდას, ტერორისტულ თავდასხმას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის უკანონო გადაზიდვას, ტარებასა და შენახვას.
„დადგინდა, რომ 2022 წელს ბერუაშვილი უკრაინაში, საერთაშორისო ლეგიონის ბაზაზე ჩავიდა, სადაც განზრახ, ნებაყოფლობით და ფინანსური სარგებლის მიზნით შეუერთდა შეიარაღებულ ჯგუფებს.
2024 წლის აგვისტოში, უკრაინის შეიარაღებული ჯგუფების ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში, ცეცხლსასროლი იარაღით – კალაშნიკოვის ავტომატითა და საბრძოლო მასალით – ბერუაშვილმა გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი და შევიდა კურსკის ოლქში, სადაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების კანონიერ საქმიანობას“, – ნათქვამია მოსკოვის პროკურატურის განცხადებაში.