მოსკოვის სასამართლომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

რუსეთში დაპატიმრებული Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი პატიმრობაში რჩება – გუშინ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილი ჟურნალისტის ადვოკატების მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, რის გამოც გერშკოვიჩი სასამართლო განხილვების დაწყებამდე, მარტის ბოლომდე წინასწარ პატიმრობაში იქნება.

32 წლის ჟურნალისტი 2023 წლის მარტში მაშინ დააკავეს, როცა ეკატერინბურგში რეპორტაჟს ამზადებდა. მას ბრალად აშშ-ის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება, თუმცა ევან გერშკოვიჩი და Wall Street Journal ამას უარყოფენ. აშშ-ც ამბობს, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული – აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, რუსეთის ხელისუფლებას წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ წარუდგენია.

როგორც დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რუსეთს გერშკოვიჩის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რამდენიმე წინადადება შესთავაზეს, თუმცა კრემლმა ყველა მათგანი უარყო. ახალ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი და აღნიშნა, რომ ინფორმაციით „იმედგაცრუებულები არიან, თუმცა არა გაკვირვებულები”. მან აქვე გაიმეორა ისიც, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია და რუსეთს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

თვის დასაწყისში Fox News-თან ვრცელ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა ევან გერშკოვიჩის პატიმრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მისი გაცვლის შესახებ შეთანხმების მისაღწევად მზად არის და მიანიშნა, რომ ამისთვის მათ გერმანიაში დაკავებული რუსეთის მოქალაქის გათავისუფლება სურთ. პუტინი აცხადებს, რომ გერშკოვიჩი სწორედ მაშინ „გამოიჭირეს”, როცა „ფარულად აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას”.