მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი თავდასხმისთვის ბრალდებულების სასამართლო გაიმართა

პუბლიკა

მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი თავდასხმისთვის ბრალდებულების სასამართლო გაიმართა – ოთხივე ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

რუსული სამთავრობო მედიების ცნობით, ბრალდებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან და ორი მათგანი დანაშაულს აღიარებს. მათ ბრალდება წარდგენილი აქვთ ჯგუფურად ჩადენილი ტერორისტული თავდასხმის მუხლით, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია – დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„კროკუს სითი ჰოლში”, მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად 137 ადამიანი დაიღუპა. რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, მიმდინარეობს დაღუპულების იდენტიფიცირება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, 62 ცხედარია იდენტიფიცირებული.

FSB-მ 23 მარტს 11 დაკავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ისინი გაქცევას „რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ცდილობდნენ”. ამ დრომდე უცნობია დანარჩენი 7 ბრალდებულის ვინაობა.

უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებულმა არხებმა გაავრცელეს ვიდეოები, სადაც დაკავებულების წამებაა ასახული – ერთ-ერთ ბრალდებულს მოაჭრეს ყური და ელექტროსადენებით აწამეს.