მოსკოვში ნავალნის დასახვედრად შეკრებილი მხარდამჭერების ნაწილი სამართალდამცველებმა დააკავეს

პუბლიკა

ამ წუთებში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელსაც რუსეთში დაპატიმრება ემუქრება, მოსკოვში ბრუნდება. მის დასახვედრად ნავალნის თანაგუნდელები და მხარდმაჭერები მოსკოვის აეროპორტთან შეიკრიბნენ, თუმცა რამდენიმე მათგანი სამართალდამცველებმა დააკავეს.

ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი, ფონდის თანამშრომელი რუსლან შავედინოვი და ერთ-ერთი აქტივისტი კონსტანტინ კოტოვი. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დააკავეს ნავალნის დასახვედრად მისული მოქალაქეები. რუსი ოპოზიციონერის მხარდამჭერები კი „ვნუკოვოს“ აეროპორტთან შეკრებას განაგრძნობენ, აეროპორტთან მობილიზებულია ომონიც, რომელმაც აეროპორტში შეკრებილი მოქალაქეები შენობიდან განდევნა.

ალექსეი ნავალნი კი მოსკოვში შესაძლოა, დააკავონ. 28 დეკემბერს რუსეთის პროკურატურამ ნავალნის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყო მოსკოვში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ. ნავალნის პირობითი მსჯავრი ჰქონდა, რომელიც 30 დეკემბერს იწურებოდა.

ნავალნის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკოსი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთში იმ მომენტში დაბრუნებას ვერ მოახერხებდა.

ნავალნი გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. გერმანიის საგმაოძიებო უწყების ინფორმაციით, რუსი პოლიტიკოსი ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ ან მისი მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. გამოცემა Bellingcat-ის საგამოძიებო რეპორტაჟის თანახმად კი, ნავალნის მოწამვლა რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ იყო დაგეგმილი.