მოსკოვში Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი, სერგეი სოკოლოვი დააკავეს – ინფორმაციას გამოცემა თავად ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უცნობია, რომელ განყოფილებაში ჰყავთ ის გადაყვანილი.
მედიის ცნობით, სოკოლოვის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი რუსული არმიის „დისკრედიტაციის” შესახებ და მას, შესაძლოა, 50 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმა დაეკისროს.
Novaya Gazeta-ს ცნობით, მისი პროცესი პერკოვსკის სასამართლოში გაიმართება, თუმცა დრო უცნობია – მათივე განცხადებით, საქმე გამოცემის ერთ-ერთ მასალას ეხება.
სერგეი სოკოლოვი Novaya Gazeta-ს რედაქტორად 2023 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დაინიშნა, რაც დიმიტრი მურატოვმა პოსტი დატოვა. მურატოვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია აქვს მინიჭებული და რუსეთში „უცხოეთის აგენტად” არის გამოცხადებული.