რუსეთში, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. რუსული მედიის ცნობით, აღლუმში 11 ათასამდე სამხედრო იღებს მონაწილეობას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღლუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ახლა ჯარისკაცები იბრძვიან დონბასში, რუსეთის უსაფრთხოებისთვის.
„ახლა, ამ დღეებში, თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს – რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, – თქვა პუტინმა.
როგორც რუსული პროსახელისუფლებო მედიაგამოცემა Tass წერს, მოსკოვის წითელ მოედანზე აღლუმის საჰაერო ნაწილი არ გაიმართება. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა Tass-ს განუცხადა, რომ ამის მიზეზი ცუდი ამინდი გახდა.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. მანამდე კი რუსეთმა უკრაინაში ორი რეგიონი, დონეცკი და ლუჰანსკი დამოუკიდებლად აღიარა. რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს. სამხედრო პოზიციების გარდა რუსული არმია ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს.
დღეს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ არსებობს 4 ბუჩა, ორი ზაპოროჟიეს და ორი ხერსონის მიმართულებით. აპრილის დასაწყისში რუსეთის არმიამ უკან დაიხია და უკრაინაში ზოგიერთი დასახლება გათავისუფლდა. მათ შორის იყო ბუჩა, სადაც მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს. ამასთან ერთად ცხედრებზე ძალადობის კვალი დაფიქსირდა. უკრაინა რუსეთის ქმედებებს გენოციდად აღიარებს და მოუწოდებს ქვეყნებს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიაროს.