მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC მოსკოვის რეგიონის გუბერნატორზე, ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, დაღუპულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. საგამოძიებო კომიტეტმა კი თქვა, რომ ამ დროისთვის მხოლოდ 41-ი პირის ცხედარია იდენტიფიცირებული. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 140-ს აჭარბებს.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, FSB-ს დირექტორმა ვლადიმიტ პუტინს შეატყობინა 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის, 4 ტერორისტის.
ინფორმაციის მიხედვით, ალექსნადრ ბორტნიკოვმა პუტინს შეატყობინა, რომ ის პირები არიან დაკავებულნი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში.
დასავლური მედიის ცნობით, მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” (ISIS) აიღო.
„ბიბისის“ ცნობით კი, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.
როგორც „ბიბისი“ ამერიკულ „სიბიესზე“ დაყრდნობით იუწყება, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სურდა რუსეთზე დარტყმის მიყენება. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, კონკრეტული ინფორმაცია მიწოდებული იყო რუსეთის მთავრობისთვისაც, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ცივი ურთიერთობების მიუხედავად.
გუშინ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში სულ მცირე, სამმა პირმა ცეცხლი გახსნა. როგორც მედია წერს, თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმა ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დროს მოხდა.