ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი ამბობს, რომ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა. ამის შესახებ მან X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.
კარლსონმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მიზანი ამერიკელების ინფორმირებაა, რომლებმაც არაფერი არ იციან უკრაინაში მიმდინარე ომზე.
„მოსკოვში ვართ, ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად. ასეთი ინტერვიუს ჩაწერას, ბუნებრივია, რისკები ახლავს თან, რის გამოც ამაზე თვეების განმავლობაში საკმაოდ ვფიქრობდით. პირველ რიგში, ეს ჩვენი მოვალეობაა, ჩვენ ჟურნალისტები ვართ“, – განაცხადა კარლოსნმა.
კარლსონი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუები ამერიკულ მედიასაშუალებებთან არა ჟურნალისტიკა, არამედ სახელმწიფო პროპაგანდაა და არც ერთ დასავლელ ჟურნალისტს ომის შემდეგ პუტინთან ინტერვიუ არ ჩაუწერია.
„ამერიკელთა უმრავლესობამ არც კი იცის, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში. მათ არასდროს გაუგიათ მისი ხმაც კი. ეს არასწორია. ამერიკელებს აქვთ უფლება, ყველაფერი იცოდნენ ომზე, რომელიც მათზე ახდენს გავლენას. ჩვენ კი უფლება გვაქვს, მათ მოვუყვეთ, რადგან ჩვენც ამერიკელები ვართ.
ამავე დროს, ინგლისურენოვანი ქვეყნების მოსახლეობა დიდწილად ფიქრობს, რომ არაფერი შეცვლილა. იმიტომ, რომ სიმართლე მათთვის არავის უთქვამს“, – თქვა კარლოსნმა.
როგორც მან აღნიშნა, X-ის მფლობელს, მილიარდერ ილონ მასკს ესაუბრა, რომელმაც პირობა მისცა, რომ პუტინთან ინტერვიუს სოციალურ პლატფორმაზე არ დაბლოკავს.
კარლსონის თქმით, ის ამერიკელ ხალხს არ სთხოვს, რომ დაიჯერონ პუტინის სიტყვები, თუმცა მათ მოუწოდებს, რომ მის ინტერვიუს უყურონ.
ტაკერ კარლსონის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 3 თებერვალს გავრცელდა, თუმცა აქამდე ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.