საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს – შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონ საქართველოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას შეძლებენ.
„პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად 20GB ინტერნეტი სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებისა და შესაბამისი რესურსების მოძიებისთვის“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.