მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ცნობით, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ  პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან – სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტპაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტპროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი რაოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტრესურსების მოსაძიებლად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. „დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.