მოსწავლეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთი კვირის ვადაში წარმოვადგენთ გეგმას – ჩხენკელი

პუბლიკა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრო სკოლებში მოსწავლეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთი კვირის ვადაში წარმოადგენს ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას.

„სამინისტროს ფსიქოსოციალური ცენტრის ფსიქოლოგები აგრძელებენ „მწვანე სკოლაში“, მე-100 და 169-ე სკოლაში მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში. სახელმწიფოსა და ჩვენი სამინისტროს უმთავრესი მიზანია ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა….

როგორც იცით, ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა კონკრეტული ღონისძიებების გატარება და დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ ერთი კვირის ვადაში წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი ჯგუფი გამართავს მორიგ შეხვედრას და გააგრძელებს მსჯელობას და მუშაობას ამ საკითხზე“, – განაცხადა ჩხენკელმა.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.