მოსწავლის სექსუალურად შევიწროების საქმეზე სკოლა სამართალდამრღვევად ცნეს

პუბლიკა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ამბობს, რომ ბავშვის სექსუალურად შევიწროვების საქმეზე ერთ-ერთი სკოლა სამართალდამრღვევად ცნეს.

ორგანიზაციის ცნობით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე 2021-2023 წლებში მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო. მშობელმა სკოლას ამის შესახებ ამ წლის აპრილში შეატყობინა.

PHR წერს, რომ სკოლის ადმინისტრაცია შეეცადა, მშობელი დაერწმუნებინა, რომ მასწავლებლის ქცევა მისი ხასიათიდან გამომდინარეობდა და მას არ უნდა ენერვიულა.

„ამასთან, დირექტორი ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა მშობელზე და დაერწმუნებინა, რომ არ დაეფიქსირებინა საჩივარი მასწავლებლის მიმართ.

დირექტორის ზეწოლის მიუხედავად, დედამ წერილობით მიმართა სკოლას და მოითხოვა რეაგირება მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე.

სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა მასწავლებლის მხრიდან მხოლოდ ეთიკის წესების დარღვევა და მას გაფრთხილება გამოუცხადა“, – წერს ორგანიზაცია.

სკოლის არაეფექტიანი რეაგირების გამო, 2023 წლის 17 აგვისტოს PHR-მა სასამართლოს მიმართა.

სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენის მიზნით მშობელმა სკოლას დისციპლინური კომიტეტის სხდომის აუდიო ოქმები მოსთხოვა, თუმცა სკოლამ გადაცემაზე უარი უთხრა.

ამის შემდეგ ორგანიზაციამ, პერსონალურ მონაცემთა დარღვევის გამო, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს“ მიმართა.

„ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ სკოლამ ბავშვისთვის აუდიო ფაილების არგადაცემით დაარღვია მისი უფლება, გაეცნოს მის შესახებ ინფორმაციას. ამასთან დაარღვია მისი საპროცესო უფლებები, რაც ხელს უშლის სასამართლოსთვის მიმართვასა და საკუთარი უფლებების დაცვას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამ წლის 15 აგვისტოს მიიჩნია, რომ სკოლამ დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, სკოლა მიიჩნია სამართალდამრღვევად.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებს სამომავლოდ არ შეეზღუდოთ წვდომა დისციპლინური წარმოების მასალებზე“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.