„იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა“,- გაუცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა.
„ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის. რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა მას ჰკითხა,- „კადრებში შევნიშნეთ, ბატონო ირაკლი, რომ ბევრი ლიდერი, თავად გამოხატავდა ინიციატივას თქვენთან საუბრის, როგორ ფიქრობთ, ამ ფონზე რით აიხსნება ასეთი ინტერესი?”
„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რასაც ფოტო მასალაც ერთვის თან, კობახიძე შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს.
„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში თემაზე – „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება“. სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გავამახვილე ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ძლიერი მსოფლიოსთვის და ბოლოდროინდელ ტენდენციებს შემაშფოთებელი ვუწოდე. აღვნიშნე, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ამავდროულად, ევროპა კარგავს ძალას, იყოს ძლიერი მოთამაშე და დაიცვას პარტნიორები.
ამ კონტექსტში, უკრაინის მაგალითზე ომის მძიმე შედეგებზე ვისაუბრე და განვაცხადე, რომ ასეთ ვითარებაში სხვა ქვეყნებს დაცვის გარანტია ვერ ექნებათ. ყურადღება გავამახვილე საქართველოს მიღწევებზე და ხაზი გავუსვი ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობას. აღვნიშნე ისიც, რომ საქართველო მრავალი კრიტერიუმით უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტების იმიჯისთვის დამაზიანებელია“,- აცახდებს ირაკლი კობახიძე.